Monday, April 4, 2011

        ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მისი ყოველი კუთხე ნათლად ასახავს ისტორიის ყოველ ეტაპს.ამ მხრივ ერთ–ერთი გამორჩეული მხარეა კახეთი.
            კახეთის ისტორიაში ძნელია ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდის მონახვა, მაგრამ ქართველი ერი, რომელიც ცნობილია თავისი შრომისმოყვარეობითა და მებრძოლი ხასიათით, ის ყოველთვის ახერხებდა აეშენებინა თავდაცვითი თუ საეკლესიო ხასიათის ნაგებობები. მრავალ ისტორიულ ძეგლზე შემონახული წარწერები საინტერესო ცნობებს გვაწვდიან წარსულ საუკუნეებში ამ მხარის ისტორიული და კულტურული ვითარების შესახებ.
            XIX საუკუნის გამოჩენილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე და ლიტერატორი არტურ ლაისტი კახეთზე წერდა : "ნათელო კახეთო! ტყიანი მთების გვირგვინი შემოვლებია შენს მწვანე ველ–მინდორს. მზე და მთვარე შენი მეგობარია...ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსე მთვარიან ღამეს თელავიდან აღმოსავლეთით ალაზნის ველს უნდა უყუროს".(არტურ ლაისტი, "კახეთი", თბილისი, 1927.გვ:4.)


            თელავი საქართველოს ერთ–ერთი უძველესი, რაიონული დაქვემდებარების ქალაქია.მისი სახელწოდება უკავშირდება მცენარე თელას, რომელიც ამ რეგიონისათვის საკმაოდ დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს. თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა ხოლო გვიან ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.(აფხაზავა ი."თელავი" თბილისი.საბჭოთა საქართველო.1978.გვ:29–31.)
        

                  V-VI საუკუნეების ნაგებობათაგან თელავში საინტერესოა უძველესი არქიტექტურული ძეგლი, ფერისცვალების მონასტერი, ანუ "ღვთაების ეკლესია", იგი დაარსდა V საუკუნეში და რესტავრირებულია XVI საუკუნეში, თავად ბეჟან ყორჩიბაშვილის მიერ.("საქართველოს ისტორიის ნარკვევები" ტომი II. თბილისი.1973.)
                ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყურადღებას იპყრობს ციხე–სიმაგრე "ბატონის ციხე".XVII-XVIII საუკუნეებში აქ მოთავსებული იყო კახეთის მეფეთა რეზიდენცია. "ბატონის ციხის" ძველი კომპლექსი მოიცავს ციხის ზღუდეს, სასახლეს, კარის 2 ეკლესიას, აბანოსა და გვირაბს.(ხარიტონაშვილი ჯ."თელავი" თბილისი. საბჭოთა საქართველო.1990.8–13გვ.)
                 კახეთის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია : წინანდალი; ნეკრესი; იყალთო; შუამთა; გრემი; ალავერდი; ბოდბე და სხვ.


                წინანდალი მდებარეობს მდ. კისისხევის მარჯვენა ნაპირას, თელავიდან 10კმ_ზე.წინანდალში დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმია, რომლის ეზოსაც უმდიდრესი და ულამაზესი დეკორატიული პარკი ამშვენებს. პარკის ტერიტორიაზეა მცირე ზომის ეკლესია, რომელშიც ჯვარი დაიწერეს დიდმა რუსმა მწერალმა ა. გრიბოედოვმა და ნინო ჭავჭავაძემ. ცნობილი ფრანგი მწერალი ა.დიუმა წერდა: "წინანდალი ივლისის თვეში ფერიების სასახლე გეგონებათ, აქ ერთმანეთში არეულია ყვავილები, ყურძენი, ბროწეული, ლიმონი, ნარინჯი, ვარდები. მცენარე და ხილი ერთდროულად ჰყვავის, იფურჩქნება და მწიფდება. ჰაერი გაჟღენთილია მრავალი ერთმანეთში არეული სურნელებით.(ა.დიუმა."კავკასია"თბილისი.1962.გვ:301–302).



           ალაზნის ველზე, ქ.თელავიდან 20კმ_ზე თეთრი გედივით ამაყად დგას ალავერდის ტაძარი. ალავერდის წმ. გიორგის  მონასტერი დაარსებულია VIსკ_ში ერთ–ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის მიერ, რომელმაც წმ.გიორგის მცირე ტაძარი ააგო.



          ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი სიღნაღის რაიონში მდებარეობს, ქ. სიღნაღიდან 2კმ_ის დაშორებით. მისი დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, ტაძარი  აგებულია IVსკ_ის 30_იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, ქართველთა განმანათლებლის, წმ.ნინოს პატივსაცემად. Vსკ_ში ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი.მონასტრის ერთ–ერთი უდიდესი სიწმინდეა ივერიის ღვთისმშობლის ხატი.



         თელავის დასავლეთით 7–8 კმ_ზე მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც VIსკ_ის II ნახევარში დაარსდა ერთ–ერთი ასურელი მამის, წმ. ზენონის მიერ. იყალთოს მონასტერი იყო საქართველოს კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი. 1962 წლიდან სოფელ იყალთოში ყოველ წელს ტარდება "შოთაობა" ეს დღესასწაული ეძღვნება დიდ ქართველ პოეტს, შოთა რუსთაველს, რომელიც იყალთოში სწავლობდა.(არჯევანიძე ი. "თბილისიდან ალაზნის ველისაკენ" თბილისი.საბჭოთა საქართველო.1958)


         მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს ძველი და ახალი შუამთის მონასტრები. ძველი შუამთა წარმოადგენს ძველი ხუროთმოძღვრების ანსამბლს თელავის ჩრდილო–დასავლეთით 7კმ_ზე.აქ დასაფლავებულია XIX სკ_ის გამოჩენილი პოეტი, რომანტიკოსი, ა. ჭავჭავაძე. ახალი შუამთა თარიღდება XVI სკ_ით.(აფხაზავა ი. "თელავი"თბილისი. საბჭოთა საქართველო.1978.გვ:29–31)


             თელავიდან 32კმ_ზე, ჩრდილო–აღმოსავლეთით,ყვარლის რაიონში მდებარეობს მთავარანგელოზის მონასტერი.იგი დაარსდა 1565 წელს ლევან კახთა მეფის მიერ, რომელიც დაკრძალულია ტაძრის შიგნით, სამხრეთ–დასავლეთ კუთხეში.გრემის სამონასტრო კომპლექსი შედგება 7 ტაძრისაგან.


              ნეკრესი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, გრემიდან 13კმ_ის დაშორებით.დაარსდა VIსკ_ში, ერთ–ერთი ასურელი მამის, აბიბოს ნეკრესელის მიერ. ტაძრის ტერიტორიაზე IVსკ_ის პატარა ეკლესიაა, იგი გადარჩენილ ქრისტიანულ ძეგლთაგან უძველესია საქართველოში.
               ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ისტორიულ–კულტურული სიმდიდრისა, რომელიც საქართველოში არსებობს. მე მიხარია, რომ ვარ ქართველი და სწორედ ჩემი წინაპრების ხელით არის აშენებული ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული საგანძური, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს.

                                                                                                                გვანცა ხოლუაშვილი